რუსეთი

რუსეთის ოთხ რეგიონში, შესაძლოა, უსახლკარო ცხოველების დახოცვა დაუშვან

Ведомости

რუსეთის ფედერაციის სულ მცირე ოთხმა რეგიონმა, ბურიატიამ, სტავროპოლის მხარემ, ასტრახანმა და მაგადანის რეგიონმა, შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომლითაც ნებადართული იქნება უსახლკარო ცხოველების დახოცვა. ამის შესახებ ინფორმაციას Ведомости 52 რეგიონულ პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წლის ივლისში რუსეთის რეგიონებმა მოიპოვეს უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ, გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ მაწანწალა ცხოველებს – გააგრძელონ ფედერალური პროგრამის (დაჭერა-სტერილიზაცია-ვაქცინაცია-დაბრუნება) განხორციელება თუ მიიღონ თავიანთი მეთოდები.

სექტემბერში მაგადანის რეგიონის გუბერნატორმა, სერგეი ნოსოვმა ადგილობრივ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხოველების დახოცვას "დროებითი მოთავსების ცენტრებში". ამასთან, დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა შემთხვევაში განხორციელდება ევთანაზია - ფედერალურ დონეზე ის ნებადართულია მხოლოდ განუკურნებელი დაავადებებისა და ცხოველის გაუსაძლისი ტანჯვის შემთხვევაში. რეგიონულ სათათბიროში განხილვის შემდეგ კი, კანონპროექტის დასრულებას რეკომენდაცია გაიცა.  

სტავროპოლის მხარეში განიხილება კანონპროექტი, რომელიც დაუშვებს "არამოტივირებული აგრესიული" მაწანწალა ცხოველების დახოცვას. ამასთან, როგორ შეფასდება ცხოველების აგრესიულობა, დოკუმენტში მითითებული არ არის.

ასტრახანის რეგიონის დუმაში ამბობენ, რომ განიხილავენ წინადადებებს უსახლკარო ცხოველების მკურნალობის, მათ შორის ევთანაზიის შესახებაც. ამასთან, ბურიატიის ხელისუფლებამ ივლისში განაცხადა, რომ მაწანწალა ცხოველების დახოცვას დაუშვებენ. 

როგორც Ведомости წერს, სულ მცირე 38 რეგიონში არ იგეგმება მაწანწალა ცხოველების დახოცვის დაშვება. ამავე ინფორმაციით, მათგან 14 გეგმავს ცხოველთა სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებას ან გასეირნების წესების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის შემოღებას. 

რუსეთში ადამიანები, მათ შორის, ცხოველთა უფლებების დამცველები, აქტიურად ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ კანონპროექტს. საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის ათობით ქალაქში. ამასთან, მოსკოვში აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. კანონის წინააღმდეგ პეტიციას 136 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კომენტარები