პარაშუტით ხტომა

გარდაიცვალა 104 წლის ქალი, რომელიც 5 ოქტომბერს პარაშუტით გადახტა

Daniel Wilsey via AP

დოროთი ჰოფნერი, 104 წლის ჩიკაგოელი ქალი, რომელიც 5 ოქტომბერს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა, ვინც ოდესმე თვითმფრინავიდან პარაშუტით გადამხტარა - გარდაიცვალა.

ჰოფნერის ახლო მეგობარმა, ჯო კონანტმა, თქვა, რომ იგი 9 ოქტომბრის დილას ხანდაზმულთა საზოგადოების თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ქალი ძილში გარდაიცვალა.

"ის დაუღალავი იყო, უბრალოდ განაგრძობდა გზას. ის არ იძინებდა შუადღეს, სადილსა და სხვადასხვა ღონისძიებას კი ყოველთვის ესწრებოდა". - თქვა კონანტმა.


5 ოქტომბერს ჩიკაგოში მცხოვრები 104 წლის დოროთი ჰოფნერი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა. დოროთი, რომელმაც სქაიდაივინგის პირველი გამოცდილება 100 წლის იუბილეზე მიიღო, 13 500 ფუტის (4 115 მეტრი) სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავიდან გადმოხტა. მან თავისუფალი ხტომა სქაიდაივინგის ინსტრუქტორთან ერთად განახორციელა და მიწაზე წარმატებით დაშვებაც მოახერხა.

"ასაკი მხოლოდ რიცხვია". - AP-ის ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა ჰოფმანმა პარაშუტით დაშვების ადგილას შეკრებილებს. 

"სახალისოა და თანაც პარაშუტით ქვემოთ ჩამოსვლა ისეთი სასიამოვნო და სიმშვიდის მომცემი ჩანდა. ასე მთელი ქალაქგარე მიდამოს ნახვა შეგიძლიათ. ძალიან ლამაზი იყო". - მოგვიანებით თქვა ჰოფნერმა CNBC-თან ინტერვიუში. 

ჰოფნერმა რეკორდის ოფიციალურად აღიარებისათვის განაცხადი გინესის მსოფლიო რეკორდებში უკვე წარადგინა. განხილვის პროცესს ჩვეულებრივ 12-დან 15 კვირამდე სჭირდება.

კომენტარები