საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროები

საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმება დადო

საქართველოს მთავრობა

დუბაიში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ-ზეიუდისთან ერთად საქართველოსა და საამიროებს  შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA) ხელი მოაწერა. დისტანციურ რეჟიმში ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებიც ესწრებოდნენ.

"ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, არაბული ბიზნესისთვისაც საინტერესოა საქართველო, ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან - ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს,  ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს". - თქვა დავითაშვილმა ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ღარიბაშვილმა, რომელიც დუბაიში ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო.

"არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია". - თქვა საქართველოს პრემიერმა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოსთვის საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქონლისა და ცხვრის ხორცზე, თაფლზე, თხილზე, მინერალურ წყალსა და სხვა პროდუქტებზე. საერთო ჯამში, საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, სატარიფო შეღავათი უფრო მეტ პროდუქციაზე გავრცელდება.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მოლაპარაკება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები