დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელის ომში არ ჩაერთოს

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჩარლზ ბრაუნი
Tom Williams/CQ Roll Call/AP

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ირანს მიმართა, არ ჩართულიყო ისრაელში მიმდინარე ომში. 

გენერალი ბრაუნის თქმით, ამერიკას არ სურს ისრაელში განვითარებული მოვლენები უფრო დიდ რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. 

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ 9 ოქტომბერს ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ირანი ჰამასსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ეხმარება და აღნიშნა, რომ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ირანიც თანამონაწილეა.

ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა აკონტროლებს. აქ მოქმედებენ პალესტინური ტერორისტული ჯგუფებიც, როგორიცაა ისლამური ჯიჰადი.

8 ოქტომბერს ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა. 9 ოქტომბერს კი ისლამური ჯიჰადის წევრები ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე შევიდნენ, რასაც სამხედროების საპასუხო ქმედება მოჰყვა. მათი თავდასხმის შემდეგ, საარტილერიო იერიში მიიტანეს ჰეზბოლას ობიექტებზე. ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას ჰეზბოლას 3 წევრი ემსხვერპლა. ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებაში საპასუხო ქმედებებით იმუქრებოდნენ.

კომენტარები