დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინას შორის

ჟვანია: 5 რეისი შესრულდა, აეროპორტში ვიყავით ნახევარი საელჩო, არ მიგვიტოვებია მოქალაქეები

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ 8 ოქტომბერს თბილისის მიმართულებით 5 ავიარეისი შესრულდა. ისრაელში მიმდინარე საომარი ვითარების ფონზე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟვანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ საელჩოს თანამშრომლები ყველა მოქალაქეს "საჭიროების შესაბამისად" დაეხმარნენ. 

"აბსოლუტურად მშვიდი გარემო იყო გუშინ საღამოს, დღეს იყო განგაში ისრაელის ცენტრალურ ტერიტორიაზე. ეს ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი ადამიანისთვის, რადგან თუ განგაშის ხმა გაგრძელდა, რამდენჯერმე უწევს ადამიანს თავშესაფარში შესვლა. სხვა მხრივ, მაგალითად ევაკუაციის, ან კონკრეტული ადგილების დატოვების არ გავრცელებულა ისრაელის ხელისუფლების მიერ, რაც, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ ვითარება არის სტაბილური. 

გუშინ თბილისის მიმართულებით შესრულდა 5 ავიარეისი. აირზენამ შეასრულა 2 ავიარეისი, ისრეარმა შეასრულა, ელალმა და აირტიამ. გაუქმდა ერთი ავიარეისი, რომელიც დაგეგმილი იყო ისრეარის მიერ. მიზეზი ჩეხური ავიაკომპანიის უარია ისრაელში ფრენებთან დაკავშირებით. ჩვენც ადგილზე ვიყავით, თითქმის ნახევარი საელჩო, არ მიგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები. დავეხმარეთ თვითმფრინავში ადგილების მოძიებაში. პრიორიტეტი მიენიჭა იმ მგზავრებს, რომელთაც არ ჰქონდათ დასარჩენი ისრაელში, არ ჰყავდა ახლობელი, სასტუმროში ცხოვრობდნენ, დავუშვათ, და აღარ ჰქონდათ ფინანსური რესურსი, რომ წამოსულიყვნენ. ნაწილს ავუნაზღაურეთ ცხოვრების ხარჯი ერთი ღამის და შემდგომ გამოვამგზავრეთ" - თქვა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედთან ჩართვაში. 

იქამდე, ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, სოფო ცარციძემ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ საქართველოს საელჩო მოქალაქეებს არ ეხმარება.

"როცა საელჩოში დავრეკეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადა, არავის ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია და წასვლა თუ გნებავთ, ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო [...] ძალიან არარეალურია ის, რომ ჯორჯიან ეარვეისზე ბილეთები 2 000 ლარი გახდა [...] რატომ გვწირავენ, ასე რომ ვთქვათ, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ [...] არიან ადამიანები, რომლებსაც ის დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები შეიძინონ და სამშობლოში დაბრუნდნენ" - თქვა სოფო ცარციძემ.

კომენტარები