თბილისის მერია

ღამის საათებში, მეტეხის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, შეზღუდვა 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

"მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს, მონაცვლეობით ჩატარდება.

პირველ ეტაპზე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ". - წერია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

კომენტარები