აშშ-უკრაინა

ბაიდენი უკრაინის დახმარების $100 მილიარდიანი პაკეტის წარდგენას განიხილავს – The Telegraph

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესისთვის უკრაინის დახმარების ერთჯერადი და მსხვილი პაკეტის წარდგენას განიხილავს. 

გამოცემის ცნობით, კონგრესში დაძაბული სიტუაციის ფონზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაწილი თვლის, რომ უკრაინისთვის შემდეგ არჩევნებამდე 100 მილიარდი დოლარის ერთჯერადად გამოყოფა კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.

როგორც the Telegraph წერს, ბაიდენი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება უფრო მეტად ეფექტური გამოდგეს, ვიდრე ბიუჯეტის ყოველ ახალ პროექტზე წარმომადგენელთა პალატის დათანხმების მცდელობა. ამასთან, ამ გეგმას სავარაუდოდ ყველა დემოკრატი და რესპუბლიკელ წარმომადგენელთა დაახლოებით ნახევარი დაუჭერს მხარს. 

რესპუბლიკური პარტიის ნაწილი არ ემხრობა უკრაინის დახმარებას და თვლის, რომ ბიუჯეტი უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად კრიმინალთან ბრძოლასა და საზღვრის კონტროლს, უნდა მოხმარდეს. 

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა მთავრობის დახურვის თავიდან ასარიდებლად დროებითი ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა. აღნიშნული გეგმა უკრაინის დაფინანსებას არ ითვალისწინებს

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2 ოქტომბერს რესპუბლიკური პარტიის წევრის მეტ გეითსი მიერ წამოწყებული "სპიკერის თანამდებობიდან ჩამოშორების ინიციატივა" 4 ოქტომბერს ამერიკის თანამედროვე ისტორიაში უპრეცენდენტო შედეგით - ამავე პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის გადაყენებით დამთავრდა

მიუხედავად იმისა, რომ კევინ მაკკარტიმ უკვე შეძლო და საკუთარ პარტიაში მყოფი ხისტი პოლიტიკის მომხრე წევრების გვერდის ავლით მოახერხა დემოკრატებთან ერთად ბიუჯეტის არარსებობის შემთხვევაში ხარჯების გაგრძელების შეთანხმების მიღწევა, რითაც აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობის შეჩერებას დროებით გადაურჩა, ამ შეთანხმებაში შესული უკრაინის დახმარების საკითხი არ ყოფილა.

გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში წარმომადგენელთა პალატა აღწერილი პოლიტიკური უწესრიგობის დალაგების პროცესში იქნება, არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების პროცესი დროებით შეფერხდება. 

აღნიშნული მოვლენების განვითარების პარალალურად პრეზიდენტი ბაიდენი 30 სექტებმერს აღნიშნავდა, რომ აშშ-მა  "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუშვას, ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერის შეფერხება" და იმედოვნებდა, რომ "სპიკერი შეასრულებს მის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს უკრაინისადმი ამ კრიტიკულ მომენტში საჭირო დახმარების წარმომადგენელთა პალატაში გატარებას".

კომენტარები