აშშ-უკრაინა

აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის გეგმა უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სენატს მთავრობის დახურვის თავიდან ასარიდებლად დროებითი ბიუჯეტის გეგმა გაუგზავნა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაფინანსებას არ ითვალისწინებს

დროებითი გეგმა 45 დღის განმავლობაში იმოქმედებს და არ ითვალისწინებს უკრაინის დაფინანსებას, რადგან მას რესპუბლიკელთა ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა კომპრომისის სახით მოიცავს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების 16 მილიარდ დოლარამდე გაზრდას.

წარმომადგენელთა პალატიდან ამ ბიუჯეტის გეგმას 335-მა დაუჭირა მხარი, 91-მა კი – არა. 

თუ სენატი მოცემულ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, აშშ-ს მთავრობა დაიხურება.

მანამდე, CNN-თან ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკართიმ თქვა, რომ უკრაინის საბიუჯეტო გეგმიდან უკრაინის დაფინანსების ამოღებით მთავრობის დახურვას თავს აარიდებდნენ.

"ჩემი აზრით, თუ გვექნება სუფთა გეგმა უკრაინის გარეშე, შეგვეძლება მისი გატანა. ვფიქრობ, თუ სენატი აშშ-ზე მეტად უკრაინაზე გაამახვილებს ყურადღებას, სერიოზული პრობლემები გვექნება". – თქვა მაკკართიმ. 

აშშ-ს კონგრესი ორადაა გაყოფილი. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნით, სენატი კი დემოკრატებს. სენატის წარდგენილი გეგმა კონგრესის ქვედა პალატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების ნაწილი საბიუჯეტო გეგმაში მნიშვნელოვან შემცირებებს ითხოვს, რის გამოც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება და მთავრობის დახურვის საშიშროება არსებობს.

აშშ-ს მთავრობა იხურება მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ხელმოწერილ საბიუჯეტო გეგმას კონგრესი არ ამტკიცებს. ამ დროს ფედერალური სააგენტოები ყველანაირი დაფინანსების გაცემას წყვეტენ. 

კომენტარები