შსს

ადამიანი, რომლის ცხედარი დადიანის ქუჩაზე, სარდაფში იპოვეს, მოკლული აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანი, რომლის ცხედარი 5 ოქტომბერს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლული აღმოჩნდა. უწყებამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები