რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სინეგუბოვი: გროზაზე თავდასხმა რუსეთის მიერ ხარკოვში ჩადენილი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, 5 ოქტომბერს ოკუპანტების მიერ სოფელ გროზას დაბომბვა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ხარკოვის ოლქში ჩადენილი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია.

"რუსი სამხედროების ტერორისტული თავდასხმა სოფელ გროზაზე, სრულმასშტაბიანი შეჭრის მანძილზე, რუსების ყველაზე სისხლიანი დანაშაულია ხარკოვის რეგიონში. ბოლო მონაცემებით, დაბომბვას 51 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა". – წერს სინეგუბოვი Telegram-ზე.

ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერს გლოვის დღეებია გამოცხადებული. 


სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს კაფე და მაღაზია, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში". - წერს ზელენსკი.

კომენტარები