აშშ

აშშ-ს ისტორიაში ჯანდაცვის სექტორის ყველაზე მასშტაბური გაფიცვა მე-2 დღეა გრძელდება

Justin Sullivan/Getty Images

აშშ-ს ისტორიაში ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა უკვე მეორე დღეა, რაც გრძელდება. 4 ოქტომბერს სამსახური 75 000-ზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა.

პროფკავშირების კოალიცია უფრო მაღალ ანაზღაურებასა და პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრას ითხოვს. როგორც თავად ამბობენ, თანამშრომელთა მცირე რაოდენობის გამო, მათ გადატვირთული გრაფიკით მუშაობა უწევთ.

ჯანდაცვის კომპანიის, Kaiser Permanente-ს გაფიცულ თანამშრომელთა შორის არიან ექთნები, ლაბორატორიის ტექნიკოსები და ფარმაცევტები. 

როგორც ექთნები ამბობენ, მათ სამედიცინო პერსონალის სიმწირის გამო პაციენტის საოპერაციო ოთახში დროულად გადაყვანის პრობლემა ექმნებათ. 

გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც კალიფორნიაში, კოლორადოში, ვაშინგტონსა და ორეგონში მუშაობენ, პროფკავშირების კოალიციით არიან წარმოდგენილნი და Kaiser Permanente-ს პერსონალის 40%-ს მოიცავენ.

გაფიცვა 7 ოქტომბრის დილას უნდა დასრულდეს, თუმცა, კოალიციის წარმომადგენლის თქმით, თუ ახალი სამუშაო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება არ შედგება, ნოემბერში უფრო ხანგრძლივ გაფიცვას მოაწყობენ.

4 ოქტომბერს Kaiser Permanente-ს სპიკერმა, ჰილარი კოსტამ თქვა, რომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეთანხმების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები