ჩინურ სოციალურ მედიაში ცენზურა დაადეს ფოტოს, რომელშიც ორი ქალი სპორტსმენის ჩახუტების შედეგად ტიანანმენის ტრაგედიის უნებლიე ალუზია იქმნებოდა.
მძლეოსნების, ლინ იუვეისა და ვუ იანის სარბოლო ნომრები ფოტოზე "64"-ს ქმნის – რასაც ჩინეთში 1989 წლის 4 ივნისს მომხდარი მოვლენების ალუზიად ხშირად იყენებენ.
ტიანანმენის ტრაგედიის შესახებ დისკუსია ჩინეთში ტაბუირებულია, ხელისუფლება ამ მოვლენის ნებისმიერ მინიშნებას ინტერნეტსივრციდან რუტინულად აქრობს.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ტიანანმენის ტრაგედიას, თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ 1989 წლის 4 ივნისს ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.
6 და 4 ნომრით მოასპარეზე სპორტსმენები ერთმანეთს აზიურ თამაშებში შეჯიბრის შემდეგ ჩაეხუტნენ, რომელშიც ლინ იუვეიმ ოქროს მედალი აიღო.
ყველაზე დიდი ჩინური სოციალური ქსელის, Weibo-ს მომხმარებლებმა პლატფორმაზე ლინისთვის მისალოცად პოსტები გამოაქვეყნეს, თუმცა, Weibo-მ ფოტოებზე ნომრები ნაცრისფერი კვადრატებით ჩაანაცვლა.
ჩინეთს ამ დრომდე აზიურ თამაშებში 300-მდე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, შეჯიბრი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.