თბილისის მერია

კალაძე: თბილისს კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება

როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანია.

დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. თბილისის ჰერალდიკის კანონის შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით, თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. კომისია პროფესიონალებისგან იქნება დაკომპლექტებული, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე დედაქალაქს წარმოადგენდნენ, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები