პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ჩუგოშვილი: თქვენ, ირაკლი კობახიძე, ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს

პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ, მათ შორის, პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის, თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას.

ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც მილოცვის წერილს აგზავნის პრეზიდენტი, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. არ არსებობს სამყაროში პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული.

რატომ მეთანხმება ირაკლი? იმიტომ მეთანხმება, რომ ეხლა გამოვა და იტყვის - "მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო". ოღონდ მერე უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი და მერე მაგალითი უნდა მომიყვანოთ რომელი აკეთებს ამას. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ.

თქვენ, ვერ განსაზღვრავთ, ირაკლი კობახიძე, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, კონსტიტუცია რას განსაზღვრავს. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ თანაინიციატორი ამ კონსტიტუციის, მე ვარ მხარდამჭერი და ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება. მხოლოდ ამიტომ ვდგავარ დღეს აქ. მე სხვა მოტივაცია აქ ყოფნის არ გამაჩნია.

თქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს დამცველმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში საიმპიჩმენტო განხილვისას.

კომენტარები