ე.წ. გადატრიალების საქმე

რა უნდა ვიცოდეთ "კარვების კანონის" შესახებ

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვას. 

ამასთანავე, სუს-ის ინფორმაციით, იგეგმება "კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა. 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა.

კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.


საქართველოს პარლამენტი კარვებზე კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე 2 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცა. ცვლილებებს მხარი ორივე კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.

ამავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "კარვების კანონი"-ს დაჩქარებული წესით მიღებას აქვს ლოგიკური მიზეზი, რომელიც ზემოხსენებული სუს-ის განცხადების საფუძველზე არსებული საფრთხეა. 

"პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინიცირებული და პარლამენტი მიმდინარე კვირაში მიიღებს სამი მოსმენით". - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კონონპროექტს ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა კანონპროექტს ასევე რუსული კანონის ნაირსახეობად მოიხსენიებს. მისი თქმით, კანონი მიზნად ისახავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. 

"ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ". - თქვა ბოკუჩავამ. 

გირჩი-დროა "კარვების კანონს" მორიგ რუსულ კანონს უწოდებს. მათი თქმით, კანონი ანტიდემოკრატიულია და მოქალაქეების დაშინებისკენ არის მიმართული. 

"ქართული ოცნების მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით". - წერია დროა-გირჩის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, "კარვების კანონით" სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია გრძელდება. მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში საკმარისად არის გათვალისწინებული საჭირო შემთხვევაში სახელმწიფოს პროპორციული ჩარევის გარანტიები ისე, რომ არ შეიზღუდოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. 

"ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას, შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე". - წერია საია-ს განცხადებაში.  

კომენტარები