აშშ-უკრაინა

აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია – კულება 

უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დახურვის საშიშროებიდან გამომდინარე, უკრაინის დახმარება დროებით შეწყდა, კულება ამბობს, რომ ეს აღარ განმეორდება.

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რათა ეს შემთხვევა არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდეს. შესაბამისად, ვთვლით, რომ აშშ-ს მხარდაჭერა არ შერყეულა". – თქვა მან. 

კულებამ განმარტა, რომ მისი აზრით, აშშ-ს კონგრესში მომხდარი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევას წარმოადგენს.

"კითხვა ისაა, რაც მოხდა აშშ-ს კონგრესში, ინდივიდუალური შემთხვევაა თუ სისტემურ ხასიათს ავლენს? ვფიქრობ, ეს ინდივიდუალური შემთხვევა იყო. ჩვენ ძალიან ღრმა დისკუსიები გვაქვს კონგრესის ორივე ნაწილთან, რესპუბლიკელებთან თუ დემოკრატებთან". - თქვა კულებამ.

მისივე თქმით, აშშ-ს ესმის, რომ "უკრაინაში უფრო მეტი რამ წყდება, ვიდრე უკრაინის ბედი".

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა დაუშვებელია. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ხელი მოაწერა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტს, რომელშიც უკრაინისთვის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

დროებითი ბიუჯეტის მიღების შემდეგ, რომელიც მთავრობას ფუნქციონირების საშუალებას 47 დღის განმავლობაში მისცემს და რომელიც არ მოიცავს უკრაინის დახმარებას, სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება უკრაინისადმი სენატის ლიდერების იშვიათი ორპარტიული განცხადებით.

"უახლოეს კვირებში ჩვენ ველით, რომ სენატი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და მდგრად უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ზრუნვას". - ვკითხულობთ სენატორების წერილში.

მანამდე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სენატს მთავრობის დახურვის თავიდან ასარიდებლად დროებითი ბიუჯეტის გეგმა გაუგზავნა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაფინანსებას არ ითვალისწინებს, რადგან მას რესპუბლიკელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

აშშ-ს კონგრესი ორადაა გაყოფილი. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნით, სენატი კი დემოკრატებს. სენატის წარდგენილი გეგმა კონგრესის ქვედა პალატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების ნაწილი საბიუჯეტო გეგმაში მნიშვნელოვან შემცირებებს ითხოვს, რის გამოც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება და მთავრობის დახურვის საშიშროება არსებობს.

აშშ-ს მთავრობა იხურება მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ხელმოწერილ საბიუჯეტო გეგმას კონგრესი არ ამტკიცებს. ამ დროს ფედერალური სააგენტოები ყველანაირი დაფინანსების გაცემას წყვეტენ. 

კომენტარები