ირაკლი კობახიძე

კობახიძე იმპიჩმენტზე: 5 დეპუტატი პირადად მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში "5 დეპუტატი პირადად მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში". 

"ხვალ გაიმართება პროცესი იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. 5 დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენლები იმ 80-კაციანი ჯგუფის, ვინც წარდგინება შეიტანა იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ პირადად მივიღებთ მონაწილეობას, ხუთივე პარლამენტარი ბათუმში ამ პროცესში.

მოლოდინებს რაც შეეხება, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება იურიდიული კვალიფიკაცია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი ოპტიმისტურია". - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ ევროპის ქვეყნებში ვიზიტის მანდატი ხალხისგან აქვს, თუმცა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ხალხის მანდატი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით". 

"მან პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ, რომ მას აქვს, მისი აზრით, ხალხისგან შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები არიან არჩეული ამ ქვეყანაში კონკრეტული მანდატით და მანდატი რას გულისხმობს შინაარსობრივად, ეს არის სწორედ გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებენ, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამე უნდა დავამტკიცო". - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები