წიგნის ბაზრობა

4 გამომცემლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებითა და სტენდით წარდგება

გამომცემლები, რომლებიც საქართველოს მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებით წავლენ და ღონისძიებაზე დამოუკიდებელი სტენდით წარსდგებიან. ამის შესახებ ოთხი გამომცემლობის საერთო განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი ბოიკოტის მთავარი მიზეზი კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის შედეგად თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად, ქართული კულტურის წინაშე არსებული საფრთხეა. მათივე თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, საერთაშორისო ფორუმებზე ქართული ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღონისძიებაში საკუთარი სახსრებით მიიღებენ მონაწილეობას.

"ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა და მწერლებმა გადავწყვიტეთ დავიცვათ ბოიკოტის პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და არ ვითანამშრომლოთ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას". - წერია სულაკაურის, ინტელექტის, არტანუჯისა და პალიტრა L-ის საერთო განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით ფრანკფურტში გაემგზავრებიან ის მწერლებიც, რომლებიც მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ.

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა 18-22 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები