მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2020 წლის 10 დეკემბერი
Aljazeera

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ბრალდებით სარჩელი შეიტანა

სარჩელში სომხური მხარე ითხოვს დროებითი ზომების მიღებას "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შესანარჩუნებლად და დასაცავად". ერევანი ასევე მოუწოდებს გაეროს სასამართლოს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, უარი თქვას "მოქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი ეთნიკური სომხების გადასახლებას".

ერევანი ასევე ითხოვს, რომ ბაქომ "თავი შეიკავოს სადამსჯელო ზომების მიღებისგან მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური თუ სამხედრო წარმომადგენლების მიმართ". გარდა ამისა, სარჩელი მოიცავს აზერბაიჯანის სამხედრო პერსონალის გაყვანის მოთხოვნას რეგიონის სამოქალაქო ობიექტებიდან, ასევე სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაში ცვლილებების შეტანის აკრძალვას.

სარჩელში სომხური მხარე მოითხოვს, რომ ბაქომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი მსგავსი მოხსენება ყოველ სამ თვეში წარადგინოს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სომხების მიერ ყარაბაღს მასობრივი დატოვება 19 სექტემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ კი, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქოს რეგიონის დიდ ნაწილზე კონტროლი არ ჰქონია. 

როდესაც მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და რესპუბლიკის შექმნა, იგი არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის, არც სომხეთმა არ აღიარა. აზერბაიჯანმა სამი წლის წინ 44-დღიანი ომის შედეგად რეგიონის ნაწილზე კონტროლის აღდგენა მოახერხა, მაგრამ მხარეებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერაც არ მოუწერიათ. 

კომენტარები