ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ბაბუა: იმედი მაქვს, თქვენი და ჩემი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

29 სექტემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციას ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძეც ესწრებოდა, რომელმაც ყველას მადლობა გადაუხადა ლაზარეს მხარდაჭერისთვის. პოლიტმეტრთან ჩართვაში გია კალანდაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი შვილიშვილი განსხვავებული ჩაცმულობისა და ვიზუალის გამო გამოარჩიეს.

"რატომ ამოირჩიეს ვერ გეტყვით, ალბათ, ჩაცმულობა არ მოეწონათ, თუ რა არ მოეწონათ არ ვიცი. ეს კიდეც გააჟღერეს, რომ ჩაცმულობა არ მოეწონათ, თმა რომ ჰქონდა შეღებილი, ეს არ მოეწონათ, გამოარჩიეს ამით, რომ ჩირქი მოეცხოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ლაზარეს მხარში უდგახართ და მე იმედი მაქვს, რომ ეს თქვენი ბრძოლა და ჩემი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს" - ამბობს იგი.

ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 სექტემბერს დამნაშავედ ცნო. ლაზარე გრიგორიადის 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები