რუსეთი

იტალიის უმსხვილესი ბანკი რუსულ ბაზარს ტოვებს

TACC

იტალიის უმსხვილესი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბანკი Intesa Sanpaolo რუსულ ბაზარს ტოვებს

Intesa Sanpaolo არის იტალიური საკრედიტო ინსტიტუტის რუსული შვილობილი კომპანია, რომელიც ქვეყანაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

პარასკევს, 29 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა სპეციალური ნებართვა Intesa-ს აქციებით ტრანზაქციების შესასრულებლად.

პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე, ბანკის 100%-იანი აქციების "მფლობელობის შეცვლას" გამოიწვევს. 

Intesa ემსახურება კორპორატიულ კლიენტებს რუსეთში, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში მას 28 ფილიალში დაახლოებით 980 თანამშრომელი ჰყავდა. ომის დაწყების შემდეგ ბანკმა რუსი კლიენტებისთვის დამატებით ახალი დაფინანსებების გაცემა და რუსულ აქტივებში ახალი ინვესტიციები შეზღუდა. 

მას შემდეგ რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის დატოვება დაიწყეს. ამის პარალელურად კი კრემლი რუსული ბაზრიდან კომპანიების გასვლისთვის საჭირო მოთხოვნებს რეგულარულად ამკაცრებს. 

Intesa Sanpaolo არის ერთ-ერთი იმ დასავლური ბანკებიდან, რომლებმაც რუსეთში ფუნქციონირება ომის დაწყების შემდეგაც განაგრძეს, რადგან კრემლმა უცხოურ საკუთრებაში არსებული კომპანიებისთვის რუსეთის დატოვებისთვის საჭირო მოთხოვნები გაამკაცრა. 

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის ზაფხულს რუსეთში დარჩენილ ევროზონის ყველა ბანკს მოუწოდა, დაეტოვებინათ რუსეთი "როგორც კი ამას შეძლებენ".

კომენტარები