რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოკვდა არსენ ფიცხელაური, რომელიც სავარაუდოდ კახოვკის ჰესის აფეთქებაში მონაწილეობდა

არსენ ფიცხელაური (მარცხნივ), ფიცხელაურის საფლავი (მარჯვნივ)

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკვდა უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი არსენ ფიცხელაური, 205-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის წევრი, რომელიც, სავარაუდოდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში მონაწილეობდა.

ფიცხელაურის სიკვდილის შესახებ ცნობა 28 სექტემბერს გავრცელდა ტელეგრამ-არხზე, სახელად "НЕ ЖДИ меня из Украины". ამის შემდეგ, ამავე არხზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, ფიცხელაურის საფლავის ფოტო. საფლავი მდებარეობს ნიჟნი ალექსანდროვკაში, სტავროპოლის მხარეში. ფოტოში ჩანს სიკვდილის თარიღიც - 17.09.2023, ასევე აღმართული დროშა, რომელიც რუსული და ქართული დროშების კომბინაციაა.

უცნობია ფიცხელაური იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე. 

ივნისის ბოლოს, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ Схеми-სა და სააგენტო Слідство.Інфо-ს ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო არსენა ფიცხელაურიც.

ჟურნალისტების მიერ დადგენილი სამხედროები რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა კაზაკის წევრები არიან. უკრაინელი მაღალჩინოსნები და მედია კაშხლის აფეთქებას სწორედ ამ ბრიგადას მიაწერს.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს, რასაც დიდი წყალდიდობა და გარემოს დაბინძურება მოჰყვა.

კომენტარები