ლეგიონი რუსეთის თავისუფლება

"ამოცანები შესრულებულია" – ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" ბელგოროდის ოლქში ოპერაციაზე

ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წევრები, 2022 წლის აგვისტო

უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ტელეგრამ-არხზე ბელგოროდში ჩატარებულ ოპერაციაზე ახალ ცნობას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევითი ოპერაცია დაასრულა. 

"ბელგოროდის ოლქში დაახლოებით ერთი დღე გავატარეთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ: დაკისრებული ამოცანები შესრულებულია, ყველა ლეგიონერი ჯანმრთელია. მტერმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგი განიცადა". - ნათქვამია ლეგიონის განცხადებაში.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ლეგიონის მხრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეიდები "პუტინის ძაღლებისთვის ახალ რეალობას" წარმოადგენს.

"ჩვენ არ გავჩერდებით: იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი სახლია და ვიბრძოლებთ სანამ არ გავათავისუფლებთ.

რუსეთისთვის! თავისუფლებისთვის!". - აღნიშნულია ლეგიონი რუსეთის თავისუფლების განცხადებაში.

აქამდე, უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე იერიშები მიაქვთ. 

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბილწისგან". - აღნიშნულია ლეგიონის ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლება, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში რამდენიმე რეიდი მოაწყვეს. 31 აგვისტოს РДК-მ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში სამხედრო აეროდრომს თავს დრონებით დაესხა.

ამასთან, უფრო ადრე, 22 მაისს რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების რუსეთისგან "განთავისუფლების" შესახებ განცხადება გააკეთეს.

კომენტარები