ლეგიონი რუსეთის თავისუფლება

ლეგიონი "რუსეთის თავისუფლების" ცნობით, იერიშები ბელგოროდის ოლქზე მიაქვთ

ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წევრები, 2022 წლის აგვისტო

უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ტელეგრამ-არხზე წერს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე იერიშები მიაქვთ. 

"გაცნობებთ, რომ ჩვენი ჯგუფები ამჟამად მუშაობენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე". - აღნიშნავენ ლეგიონში. 

მათივე ინფორმაციით, ლეგიონერებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არ არიან და "მუშაობას გეგმის მიხედვით განაგრძობენ".

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბილწისგან". - აღნიშნულია ლეგიონის ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აქამდე, ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბი წერდა, რომ დღეს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს დასახლებები კრასნოიარუჟსკის ოლქში.

"რამდენიმე წყარო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შევიდა სტაროსელიესა და ტერებრენოს დასახლებების ტერიტორიაზე". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ინფორმაციითვე, "სადემარკაციო ხაზზე რუსი მესაზღვრეები და უსაფრთხოების სხვა ძალები ერთად იბრძვიან".

აქამდე, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლება, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში რამდენიმე რეიდი მოაწყვეს. 31 აგვისტოს РДК-მ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში სამხედრო აეროდრომს თავს დრონებით დაესხა.

ამასთან, უფრო ადრე, 22 მაისს რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების რუსეთისგან "განთავისუფლების" შესახებ განცხადება გააკეთეს.

კომენტარები