NASA

კოსმოსში რეკორდული 371-დღიანი მისიის შემდეგ, NASA-ს ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა

ამერიკელი ასტრონავტი, ფრანკ რუბიო დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, 2023 წლის 27 სექტემბერი
CNN

NASA-ს ასტრონავტი, ფრანკ რუბიო, რომელმაც კოსმოსში რეკორდულად დიდი დრო, 371 დღე გაატარა, დედამიწაზე დაბრუნდა.

რუბიო და კიდევ ორი რუსი კოსმონავტი, სერგეი პროკოპიევი და დმიტრი პეტელინი ყაზახეთში, ქალაქ ჟეზყაზღანთან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:17 საათზე რუსული Soyuz MS-23 კაფსულით დაეშვნენ.

ეკიპაჟის დაშვებასთან ერთად კოსმოსში მათი მოულოდნელად გრძელი მისია დასრულდა. რუბიოს, პროკოპიევსა და პეტელინს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მხოლოდ 6 თვე უნდა გაეტარებინათ, თუმცა, რუსული Soyuz MS-22/68S-ის გაუმართაობის გამო, საბოლოო ჯამში, სადგურზე 371 დღე დაჰყვეს.

რუბიომ მოულოდნელად გრძელი მისიით რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მიკროგრავიტაციის პირობებში არცერთ ამერიკელ ასტრონავტს ამდენი დრო არ გაუტარებია. ის ასევე პირველი ამერიკელია, რომელმაც ორბიტაზე ერთი კალენდალური წელი გაატარა. ამასთან, რუბიო სალვადორული წარმოშობის პირველი ასტრონავტია, ვინც დედამიწის ორბიტაზე იმგზავრა.

ამერიკელი ასტრონავტი ყაზახეთში დაშვების ადგილიდან ქალაქ ყარაღანდაში გაფრინდება, საიდანაც ჰიუსტონში გაემგზავრება.

რუბიომდე ამერიკელი ასტრონავტებიდან კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივად მარკ ვანდე ჰეი იმყოფებოდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 355 დღის განმავლობაში გაჩერდა. მსოფლიო რეკორდი რუს კოსმონავტს, ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის. მან კოსმოსში 1994 წლის იანვრიდან 1995 წლის მარტამდე 437 დღე გაატარა.

კომენტარები