რუსეთის შავი ზღვის ფლოტი

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური ჟურნალისტებთან გამოჩნდა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი
Zvezdanews

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ჟურნალისტებთან გამოჩნდა. აქამდე უკრაინული დაზვერვა ამტკიცებდა, რომ სოკოლოვი შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. 

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) ინფორმაციით 22 სექტემბრის შეტევის შედეგად დაიღუპა შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვიც.

ССО-ს განცხადებით დაბომბვის შედეგად სულ 34 ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. 

როგორც სპეცდანიშნულების რაზმი წერს, მათ მიერ კოორდინირებული დარტყმა დროული და ზუსტი იყო, რადგან ამ მომენტში შტაბში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობის სხდომა იმართებოდა.

26 სექტემბერს სოკოლოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თათბირის ვიდეოჩანაწერზე რამდენიმე წამით გამოჩნდა. უკრაინული მედიაში ირწმუნებოდნენ, რომ ონლაინ სხდომის კადრებში ადმირალის გამოსახულება არ მოძრაობს და რუსეთმა გაყალბებული ვიდეო წარმოადგინა.

ვიქტორ სოკოლოვი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად 2022 წლის 10 აგვისტოს დაინიშნა. მისი წინამორბედი იგორ ოსიპოვი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

რუსულ მხარეს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

კომენტარები