FES-ის კვლევა

FES: ახალგაზრდები ყველაზე მეტად უარყოფენ ნარკოდამოკიდებულებს, ქვიარებს, ადამიანებს რუსეთიდან

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით შესრულებული კვლევის მიხედვით, 14-29 წლის ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების 3 კატეგორიას უარყოფენ.

"კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების სამ კატეგორიას უარყოფენ. ეს კატეგორიებია ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%), ქვიარ ადამიანები (46%), და ადამიანები რუსეთიდან (44%), რომელთაც ახალგაზრდები საქართველოში შესვლას აუკრძალავდნენ.მეორე მხრივ, ახალგაზრდები ყველაზე ტოლერანტულები არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა მრავალშვილიანი დედები, ძალიან რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ლტოლვილები". - წერია კვლევაში.

ამასთან ერთად, ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასოდეს ამართლებს ფიზიკურ (76%) ან სიტყვიერ (69%) აგრესიას ან ძალადობას ქვიარ ადამიანების მიმართ, თუმცა "მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითია".

"უფრო მეტიც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს თავიანთი ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ახალგაზრდა ქალები და თბილისში მცხოვრები. ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან: ქვიარ ადამიანების მიმართ ფიზიკურ აგრესიას არასოდეს ამართლებს ქალების 82%, მამაკაცების 71 პროცენტთან შედარებით". - წერია კვლევაში.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე. საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში მოგროვდა. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით.

კომენტარები