ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: თაროზე შემოდებული საქმე გააცოცხლეს და გამოიყენეს, თავისუფლება ლაზარეს

"ორი წელი თაროზე შემოდებული საქმე ეხლა გააცოცხლეს, ეს რა საგიჟეთია" - ასე ეხმაურება ბექა გრიგორიადისი მისი შვილისთვის გამოტანილ სასჯელს. მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლო სისტემა და რეჟიმი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სურს. 2 წელი რომ შემოდებ საქმეს თაროზე და მერე გამოიყენებ საკუთარი ბინძური საქმეებისთვის, მაგაშია დიდი პრობლემა, მე ვპირდები რუსულ რეჟიმს და მაგისთვის თავიც გადავდე, დაგშლით მარტივ მამრავლებად ბოროტო სულებო, თავისუფალება ჩემს ლაზარეს, მაგარ კაცს" - წერს გრიგორიადისი და აღნიშნავს, რომ მისი შვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე მმართველი გუნდისთვის "უმძიმესი ტვირთი" იქნება.

" ყველა დაისჯებით. ლაზარე რომ ყოფილიყო გასასამართლებელი, თავის დროზე გაასამართლებდით და ყველაფერი დასრულებული იქნებოდა, მაგრამ არა, შეინახეთ ეს საქმე, რომ დღეს გამოგეყენებინათ, ამას ხალხი არ შეჭამს, მხოლოდ ბრბო ამომრჩეველი თუ გაგიპრავებთ, ისიც ძალიან ცოტა, თქვენ დღეებს ვითვლი მონებო" - წერს გრიგორიადისი.


მოსამართლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაუკვალიფიცირდა. 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით პატიმრობამ შთანთქა მსუბუქი სასჯელი და გრიგორიადისს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები