რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე რუსებმა ზოგიერთი მსხვერპლი წამებით მოკლეს – გამოძიება

უკრაინაზე გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის წევრები, ჯასმინკა ძუმჰური, ერიკ მოსე და პაბლო დე გრეიფი ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე. 2022 წლის 23 სექტემბერი
REUTERS/Denis Balibouse

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული წამების მეთოდები იმდენად მკაცრი იყო, რომ ზოგიერთი მსხვერპლი წამებით მოკვდა. ამის შესახებ გაეროს მანდატით მოქმედი დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა, ერიკ მოსემ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ისაუბრა.

"შევაგროვეთ დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მათ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე წამების გამოყენება ფართოდ გავრცელებული და სისტემური იყო. ზოგიერთ შემთხვევაში წამება იმდენად სასტიკი იყო, რომ მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია". - თქვა მოსემ.

საგამოძიებო კომისია მოსეს ხელმძღვანელობით ხერსონის, ზაპოროჟიესა და სხვა უკრაინული ოლქების იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, რომელიც ომის გარკვეულ პერიოდში რუსებს ჰქონდათ დაკავებული. კომისიამ დაადგინა, რომ ადამიანებს ძირითადად რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწყობილ დაკავების ცენტრებში აწამებდნენ.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ აქამდეც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეები, მათ შორის წამების გამოყენება, შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

რუსეთი უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ  მშვიდობიანი მოსახლეობა მისი სამიზნე არასდროს გამხდარა. ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია.

კომენტარები