სიცილიური მაფია

იტალიური მედია: სიცილიური მაფიის ბოსი, მატია მესინა დენარო 61 წლის ასაკში მოკვდა

Radazione

მაფიოზური დაჯგუფება კოზა ნოსტრას ბოსი, მატია მესინა დენარო იტალიის ქალაქ ლ'აკუილას საავადმყოფოში 61 წლის ასაკში მოკვდა. მესინა დენარო სასჯელს ამავე ქალაქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მესინა დენარო, რომელიც წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა, კომაში ჩავარდა. სან სალვატორის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დენაროს გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

სამართლადამცველებმა მაფიის ბოსის დაპატიმრება თითქმის 30-წლიანი დევნის შემდეგ, 2022 წლის იანვარში მოახერხეს, როდესაც ის ქალაქ პალერმოს კერძო კლინიკაში ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩასატარებლად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სამკურნალო პროცედურების მიღებისას ყალბ პირადობას იყენებდა, გამომძიებლებმა მისი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ მაფიის ბოსის დედის სახლში ნაპოვნი სამედიცინო ისტორიით შეიტყვეს.


მესინა დენარო სამართალდაცველებს 30 წლის განმავლობაში ემალებოდა. დენაროს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობისა და ათობით მკვლელობისთვის. მათ შორის, 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობებთან დაკავშირებით, ასევე, 1993 წელს მილანში, ფლორენციასა და რომში მომხდარი აფეთქებების სერიასთან კავშირისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მატეო მესინა დენარო უკანასკნელი პირველხარისხოვანი მაფიის ბოსი იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნებოდა. მესინა დენარო კოზა ნოსტრას ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ტოტო რიინას მემკვიდრედ ითვლებოდა, რომელიც 1993 წელს, 23-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

კომენტარები