აშშ

აშშ-ში დედის მანქანით სახლიდან გაქცეული მცირეწლოვანი და-ძმა 320 კმ-ს გავლის შემდეგ იპოვეს

 Zhencong Chen/Alamy

აშშ-ს ალაჩუას ოლქის შერიფის ოფისის წევრებმა დედის მანქანით სახლიდან გაქცეული 10 წლის ბიჭი და მისი 11 წლის და ოჯახში დააბრუნეს.  

ბავშვები მანქანის მოპარვისა და გაუჩინარების ფაქტიდან 4 საათის შემდეგ, ფლორიდიდან კალიფორნიისაკენ მიმავალ შტატთაშორის გზატკეცილზე იპოვეს. მათ 320 კილომეტრი ჰქონდათ გავლილი.

ოლქის შერიფის ოფისის თქმით, პოლიციელებმა, რომლებმაც სედანის ტიპის დაკარგული ავტომობილი შენიშნეს და ეგონათ, საქმე მანქანის ქურდებთან ექნებოდათ, მძღოლს მანქანის გადაყენება და გადმოსვლა იარაღმომარჯვებულებმა უბრძანეს.  

"მათ გასაკვირად, პოლიციელებმა 10 წლის მამრობითი სქესის მძღოლი დაინახეს, რომელიც მანქანიდან თავის 11 წლის დასთან ერთად გადმოდიოდა". - ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბავშვებმა სახლიდან გაქცევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დედამ შვილს სასჯელის სახით ელექტრონული გაჯეტები ჩამოართვა. როგორც ბავშვებმა სამართალდამცავს უთხრეს, ბიჭი დედის საქციელით განაწყენებული დის კალიფორნიაში წაყვანას აპირებდა. 

დეტექტივების ცნობით, რაიმე სახის მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ დედა ან ოჯახის რომელიმე წევრი ბავშვებზე ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არ არსებობს და გაქცევის მიზეზი მართლაც მშობლისა და შვილების მიერ დასახელებული ფაქტი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები