საქართველო-მონღოლეთი

ილია დარჩიაშვილი მონღოლ კოლეგას შეხვდა

ილია დარჩიაშვილი და ბაცეცეგ ბატმუნხი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონღოლ კოლეგას, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა.

შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

შეხვედრის დროს მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოში ბიზნესის შესაძლებლობებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.

"ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე. მინისტრმა მოიწვია მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად". – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია.

გასულ დღეებში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვდა განას, ფინეთის, კვიპროსის, გერმანიის, რუმინეთისა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრებსაც.

კომენტარები