რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: გაეროს უშიშროების საბჭოზე EU ჩინეთს სთხოვს რუსეთი "სამართლიან მშვიდობაზე" დაიყოლიოს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთს პირდაპირ სთხოვს რუსეთის უკრაინაში "სამართლიან მშვიდობაზე" დასათანხმებლად მეტი გააკეთოს. ამის შესახებ Reuters-ი მიშელის სიტყვის მონახაზზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მიხედვით, 20 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს ყოველწლიური ასამბლეის მიმდინარეობისას გასამართ უშიშროების საბჭოზე მიშელი ქვეყნებს მოუწოდებს "სამართლიანი მშვიდობისკენ", რომელიც "გაეროს წესდებასა და მის ძირითად პრინციპებს - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას - დაიცავს".

Reuters-ის ცნობით, შემდეგ მიშელი ჩინეთის დელეგაციას მიუბრუნდება სიტყვით: "როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყნები, მოდით გავერთიანდეთ - დავარწმუნოთ რუსეთი, დაასრულოს ეს კრიმინალური ომი, რომელიც ბევრს აზიანებს".

საბჭოს სხდომას, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში მყოფი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი, ხან ჭენგი დაესწრება. სხდომაზე ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

მოსკოვისთვის უკრაინიდან ჯარების გაყვანასა და ბრძოლის შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე ჩინეთმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები