რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების შემდეგ რუსეთში დრონების იმპორტირება შეფერხდა

რუსული მედია კომერსანტი წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ დრონებზე დაწესებულმა საექსპორტო შეზღუდვებმა უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი ნაწილების რუსეთისთვის მიწოდება მნიშვნელოვნად გაართულა და ამჟამად გარკვეულ ტექნიკაზე, მაგალითად საფრენი აპარატების სითბური მხედველობის დანადგარებზე, დეფიციტი შეიქმნა.

რუსეთში დრონების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა მარაგების შექმნა მოასწრეს და ახლა იმედოვნებენ, რომ მათი ჩინელი მიმწოდებლები რუსეთში პროდუქტის ექსპორტის ლიცენზიას მიიღებენ, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებას შესაძლოა წელი დასჭირდეს. ამისთვის საჭირო იქნება დაამტკიცონ, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს საბრძოლო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. რუსეთში ჩინური დრონების იმპორტიორები ცდილობენ, რომ პარალელური იმპორტის გზა შექმნან. თუმცა, როგორც კომერსანტი აღნიშნავს, ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილოა იმით, რომ ყაზახეთმა ქვეყანაში ტვირთის შეტანის პროცედურა გაართულა.

როგორც კომერსანტი წერს, მათ გაარკვიეს, რომ 1-ელ სექტემბერს დრონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, რუსეთში შეწყდა 4 კილოზე მეტი წონის მქონე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი ნაწილების ჩინეთიდან იმპორტირების პროცესი. გარკვეული სახის დანადგარებზე უკვე დეფიციტი არსებობს, მათ შორის აგროდრონებზე, რომლებიც საშუალოდ 30-40 კილოს იწონიან და რუსეთში მცირე რაოდენობით იწარმოება. მსგავსი დრონების თავდაპირველი დანიშნულება მათი სოფლის მეურნეობაში გამოყენება იყო, თუმცა ამ აპარატებს ომშიც აქტიურად იყენებენ.

31 ივლისს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ საექსპორტო კონტროლი დააწესეს ფართო წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც შესაძლოა საომარი მიზნებით გამოიყენონ. შეზღუდვა პეკინმა ყველა ქვეყნის მიმართ დააწესა, თუმცა ეს განსაკუთრებით რუსეთზე აისახება.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში გამკაცრდება იმ დრონების ექსპორტი, რომლებიც წონით 4 კგ.-ს აღემატებიან, ფრენის ხანგრძლივობით 30 წუთს და შეუძლიათ 7 კილოზე მეტი ტვირთის აწევა.

ამას გარდა, შეზღუდვა ვრცელდება დრონებზე, რომელთაც ტვირთის ჩამოგდებისა და დამაგრების ფუნქცია გააჩნიათ. ასევე, ნებართვა საჭირო იქნება დრონების მულტისპექტრული და ჰიპერსპექტრული კამერების მიწოდებაზეც. მსგავსი ტექნოლოგია სამოქალაქო სექტორში სასოფლო და სატყეო მეურნეობისთვის გამოიყენება. შეზღუდულია უპილოტო აპარატებზე დასამონტაჟებელი რადიოაღჭურვილობის, ინფრაწითელი კამერების, სითბური ხედვის ტექნიკის ექსპორტიც.

იმისთვის, რომ ჩინურმა კომპანიამ ექსპორტის უფლება მიიღოს, მას ლიცენზია უნდა მიანიჭოს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ და ნებართვა მისცეს საბაჟო სამსახურმა, მას შემდეგ, რაც წარადგენენ ინფორმაციას პროდუქტის საბოლოო მიმღებზე.  ვაჭრობის სამინისტრო შეამოწმებს მიმღები პირი არის თუ არა სანქცირებულთა სიაში. სიაში არიან პირები "დაკავშირებული არიან საომარ საქმიანობასთან ან ჩინეთისთვის არასასურველ ქმედებებთან".

თუ ჩინელი ექსპორტიორი ლიცენზიის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მას ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება, ხოლო თუ განზრახ დაარღვევს, მის წინააღმდეგ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე. 

ამას გარდა, ჩინეთის ხელისუფლება კრძალავს ნებისმიერი სახის დრონის ექსპორტს, თუ მათ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას აპირებენ. კომერსანტის წყაროები, რომლებიც ამ ბაზარში არიან ჩართული, ამბობენ, რომ მოცემულმა გარემოებებმა რუსეთში გამოიწვია დრონების იმპორტის შეჩერება. მათივე თქმით, გართულდა იმ ტექნიკის მიწოდებაც კი, რომლებზეც შეზღუდვები არ ვრცელდება.

კომერსანტთან წყაროები რუსული დრონების მწარმოებელი კომპანიებიდან ამბობენ, რომ აპარატების ნაწილების მარაგები დროულად, ჯერ კიდევ შეზღუდვების დაწესებამდე შეავსეს.

წყაროების შეფასებით, ხელშეკრულებების ჩინურ კომპანიებთან გაფორმებას, შესაძლოა, წელ-ნახევარი ან ორი წელიც კი დასჭირდეს, თუმცა, მათივე ცნობით, არსებობს კომპანიები, ვინც ეს უკვე შეძლეს. ნებართვა გაიცემა 6 თვით, გაგრძელების უფლებით, როგორც ეს კომერსანტთან სასოფლო-სამეურნეო დრონების მწარმოებელი კომპანიის, Jtilep-ის დამფუძნებელმა, რამილ შევოხუტდინოვმა თქვა. ამ კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმება ჩინელ მიმწოდებელთან 1 სექტემბრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. შევოხუტდინოვის თქმით, ლიცენზიის მოქმედების დროს თუ აღმოაჩენენ, რომ რუსეთში იმპორტირებული დრონი საბრძოლო მიზნებისთვის გამოიყენება, მიმწოდებელი კონტრაქტს შეწყვეტს, ხოლო ჩინეთის ხელისუფლება რუსეთში იმპორტიორსაც და ჩინეთიდან ექსპორტიორსაც გაცემულ უფლებას ჩამოართმევს.

კომერსანტი წერს, რომ რუსული კომპანიები დრონების მიწოდების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

შექმნილი დეფიციტის ფონზე, კომერსანტი წერს, რომ რუსეთის ბაზარზე დარჩენილი დრონების ფასები გაიზარდა.

კომენტარები