ოთარ ფარცხალაძე

პროკურატურა: 2013 წლის შემდეგ ფარცხალაძეს ჩვენს საქმიანობასთან შემხებლობა არ ჰქონია

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან" დეზინფორმაციის კამპანია მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების საქმიანობის ხელის შეშლას ისახავს. მათივე მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურის საქმიანობასთან შემხემლობა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია.

"დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მსგავს ტყუილებს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი უწყების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მათ მოეთხოვათ შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროება ანდა მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების შეწყვეტა, მათ მიერ არასდროს არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მათი განცხადებების დასასაბუთებლად. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ პერმანენტული ტყუილებით პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობებს.

პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის  გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია, სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია.

როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები" - აცხადებს პროკურატურა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს, პროკურატურა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.

"მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას" - აცხადებს პროკურატურა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

კომენტარები