ხალხის ძალა

ხალხის ძალა: გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს მოგვცემენ, თუ ენმ-ს დავაბრუნებთ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

პარტია ხალხის ძალა  სუს-ის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. მეტიც, სწორედ იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ასეთი მოშლილი და დასუსტებულია და საპარლამენტო არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ის და მისი პატრონები არჩევნებამდე და მის შემდეგ ყველაფერ უკადრებელზე წავლენ. ისიც ლოგიკურია, რომ ისინი თავდაპირველად აქცენტს სწორედ ოქტომბერ-ნოემბერზე გააკეთებენ და ეცდებიან, ქვეყნის არევის საბაბად ევროკომისიის დასკვნა გამოიყენონ, რომლის შინაარსიც, როგორც ჩანს, ახლაც წინასწარ იციან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა, საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის ხელისუფლებაში "გლობალური ომის პარტიის" გავლენები შესუსტდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაზეც დადებითად აისახა. 2016-20 წლები იყო გამონაკლისი, როდესაც ამერიკის ჩართულობით მსოფლიოში ომები არ მომხდარა და ამერიკისთვის საინტერესო (განსაკუთრებით, ნავთობით მდიდარ) ქვეყნებში რევოლუციური პროცესები შეჩერდა. თუმცა, ტრამპის მარცხის შემდეგ, "გლობალურმა ომის პარტიამ" ამერიკის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა დაიბრუნა და მსოფლიოც კიდევ ერთხელ საფუძვლიანად აირია. იმედი გვაქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში რესპუბლიკელები მოიგებენ, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააბრუნებს.

საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. იმავე პერიოდში ჩაანაცვლა კელი დეგნანმა კარლ ჰარცელი "გლობალური ომის პარტიის" ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მათ უწოდეს ოპოზიციის საბოტაჟს "პოლიტიკური კრიზისი" და ქართული ოცნება აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებულიყო და ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების რისკის წინაშე დაეყენებინა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზი არა ერთი, არამედ ორი ქვეყნიდან უნდა გაშლილიყო.

თუმცა, "გლობალურ ომის პარტიას" ყველა რევოლუციური გეგმა ჩაეშალა: არჩევნების გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ დადეს და პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება იქით გაუმჟღავნდათ, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები სწორად წაიყვანა და ნაცმოძრაობას ცესკო, სასამართლო და პროკურატურა არ ჩააბარა, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით საქართველოში შემოპარებული სააკაშვილი ქართველმა ძალოვნებმა დაიჭირეს და საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერიც დიდი სხვაობით გადალახა. 

რევოლუციური გეგმა შარშან ივნისშიც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიო გმირად გამოცხადებულ ზელენსკის საქართველოდან ელჩი გააწვევინეს, ხოლო შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ათქმევინეს. 

იმ პირობებში, რომ ვერც ხელისუფლება შეცვალა და ომზე ვერც მოქმედი ხელისუფლება დაითანხმა, ბუნებრივია, "გლობალური ომის პარტია" ყველაფერს გააკეთებს, რომ ორი ფრონტის სცენარის ჩაშლისთვის ხელისუფლებაზე შური იძიოს და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს. 

საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა. თუმცა, სიხარული შესაძლოა ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს. ორივე მათგანი ვიქტორია ნულანდის კადრია, ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში "გლობალური ომის პარტიის" ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული "მაიდნის" სულისჩამდგმელიც. თავის დროზე, ნულანდი იყო სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა. თავად მომავალი ელჩი, რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული "მაიდნის" რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში "გლობალური ომის პარტიის" დავალებების მთავარი ამსრულებლები არიან. რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, ალან პარსელს, ის "მაიდნის" დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს.

რევოლუციური გეგმის ადგილობრივი სუბიექტები უკვე გამოკვეთილია: უცხოური აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანუ რადიკალური ოპოზიციური პარტიები - ნაცმოძრაობა-ვაშაძე, ლელო, ევროპული საქართველო, გირჩი-დროა, გახარიას და ლომჯარიას პარტიები; სალომე ზურაბიშვილი; 3 პარტიული ტელევიზია; ყველაზე მდიდარი ენჯეოები, განსაკუთრებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები; ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები - სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და სხვ. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც. 

აგენტების შესახებ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ექსტრემისტული პარტიების, ტელევიზიების, ენჯეოებისა და სხვა დაჯგუფებების საქმიანობა თავიდან ბოლომდე ამერიკული წყაროებიდან ფინანსდება. დაფინანსების ამერიკული წყაროა კეზერაშვილიც, რომელიც "გლობალურ ომის პარტიას“ ერთდროულად ორ საქმეს უკეთებს - საქართველოში რევოლუციას აფინანსებს და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, რითაც ისედაც დასუსტებულ ევროპას დამატებით პრობლემებს უქმნის.

გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება - შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის "ნარატივი", ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით აორგანიზებ აქციებსა და დაუმორჩილებლობას.

ამგვარი სქემებით, "გლობალური ომის პარტიის" ინტერესების კარნახით მოქმედმა ამერიკულმა ადმინისტრაციებმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს არაერთი ქვეყანა, მათ შორის სირია, ერაყი, ლიბია, იემენი და უკრაინა:

ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ, სირიის ეკონომიკა 21-ჯერ შემცირდა, ნახევარ მილიონზე მეტი სირიელი ომს შეეწირა, ხოლო 13 მილიონზე მეტი ლტოლვილად ან დევნილად იქცა;

ერაყის ორ ომს ჯამში მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე ერაყის ეკონომიკა 10 ათას დოლარზე მეტი იყო, რითაც ის საბერძნეთს, პორტუგალიას და ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებდა. დღეს ერაყი ღარიბი ქვეყანაა, მის ნავთობს კი „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა;

ლიბიის ომს 15 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ქვეყნის ეკონომიკა 94-დან 44 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და აქაც ქვეყნის ნავთობს „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა;

იემენის 2011-12 წლების ე.წ. ღირსების რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ შემცირდა და დღეს იემენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანაა;

"მაიდნის" რევოლუციამდე უკრაინა იყო ერთიანი სახელმწიფო, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა და მან 2013 წელს 190 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რევოლუციიდან 10 წლის თავზე კი, უკრაინას ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს დაკარგული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. რევოლუციის დასრულებასთან ერთად დაიწყო რუსეთ-უკრაინის პირველი ომი, რასაც 8 წელიწადში მეორე ომი მოჰყვა. „მაიდანს“ 100-ზე მეტი, ხოლო ომებს მრავალი ათეული ათასი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.

ყველას გვახსოვს, რომ ზემოაღნიშნული რევოლუციები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ეწყობოდა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაც დღეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც რევოლუციებამდე იყო.

ისიც ყველას გვახსოვს, თუ როგორი დემოკრატია და ადამიანის უფლებები მოგვიტანა „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოში: სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების სრული მიტაცება ხელისუფლებაში მოსული უცხოური აგენტურის მიერ, ციხეების გადავსება, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა, ომს შეწირული 400-ზე მეტი ადამიანი და 30 ათასი ახალი დევნილი - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რომელიც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმმა დამართა.

დღეს კი, თავხედურად გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში ნაცმოძრაობას დავაბრუნებთ. "გლობალური ომის პარტიის" სურვილია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ხელისუფლებაში ის ძალა დაგვიბრუნოს, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საბოლოოდ დაასამარებს, რაზეც მას გარედან უპირობო მწვანე შუქი ექნება ანთებული. რაც მთავარია, ნაცმოძრაობა თვალდახუჭული შეასრულებს ყველა დავალებას და უკრაინული "მაიდნის" ანალოგიურად, საქართველოს ომში რევოლუციის დასრულებისთანავე ჩართავს, რაც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანს.

ბუნებრივია, "გლობალურ ომის პარტიასა" და მის აგენტურას საქართველოში რევოლუციის მოწყობის დიდი რესურსი არ აქვთ. ეს არც იანუკოვიჩის უკრაინაა, არც კადაფის ლიბია და არც შევარდნაძის საქართველო. თუმცა, მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რომ ჩვენი ქვეყანა ბოროტი ძალების გლობალური და ლოკალური ინტერესების მსხვერპლად არ ვაქციოთ". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

კომენტარები