რუსეთი

ორსულ რუს სამხედროს დეზერტირობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსი ქალი სამხედროების მარში გამარჯვების დღეს მოსკოვში
Alexander Avilov / Moskva News Agency

ორსულ რუს სამხედროს დეზერტირობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, Kommersant-ი ავრცელებს.

კაპრალი მადინა კაბალოევა დამნაშავედ 2022 წლის სექტემბერში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დროს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო ცნეს. ეს კი რუსეთში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

როგორც რუსული გამოცემა წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორსულობა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამამართლებელი მიზეზი არ არის.

Kommersant-ი ასევე წერს, რომ სამხრეთ რუსეთის ვლადიკავკაზის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ კაბალოევას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა გენერალური უსაფრთხოების ციხის კოლონიაში მიუსაჯა. 

კაბალოევას ადვოკატმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მაგრამ სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლოს საბჭომ პირველადი გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. 

კაბალოევა სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ მისი დანაყოფის სამედიცინო დაწესებულებამ რეკომენდაცია მისცა, რომ ორსულობის პერიოდში დროებით დაეტოვებინა სამსახური.

სამხედრო პროკურორებს მტკიცებით, იმის გამო, რომ კაბალოევა სამხედრო შემწეობისა და შეღავათების მიღებას განაგრძობდა, იგი ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ მსახურობდა და შესაბამისად, როგორც დეზერტირს, პასუხისმგებლობა უნდა დაჰკისრებოდა. 

სასამართლომ დროებით შეუჩერა კაბალოევას პატიმრობა 2032 წლამდე მანამ, სანამ მისი 5 წლის შვილი 14 წლის გახდება.

Kommersant-ი აღნიშნავს, რომ კაბალოევა არის პირველი რუსი ქალი სამხედრო, რომელიც 2022 წლის თებერვლის მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დეზერტირობისთვისაა მსჯავრდადებული.

კომენტარები