კლიმატის ცვლილება

ბრანდენბურგის კარიბჭე კლიმატის აქტივისტებმა საღებავით შეღებეს

ბრანდენბურგის კარიბჭე, ბერლინი
Reuters

კლიმატის აქტივისტთა გაერთიანების, უკანასკნელი თაობის წევრებმა ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის 6-ვე სვეტი ნარინჯისფერი და ყვითელი საღებავებით შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციამ ადგილზე აქციის 14-ვე მონაწილე დააკავა და შენობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაერთიანების წევრები კლიმატის დაცვის სფეროში პოლიტიკურ ცვლილებებსა და პარიზის კლიმატის შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. მათი ლოზუნგია: "უარი წიაღისეულს - წინ სამართლიანობისკენ".

"ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენს პროტესტს, სანამ არ დაიწყება ცვლილება. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გამოყენება არაუგვიანეს 2030 წლისთვის." - წერს უკანასკნელი თაობა X-ზე.

2015 წელს შემდგარ პარიზის შეთანხმებას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

კომენტარები