საქართველო-ევროკავშირი

რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა – კვლევა

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის კვლევით, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. 

ამავე კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.

ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.

კვლევის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%);
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე;
  • გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ;
  • მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში;
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, რომლებშიც რესპონდენტები უფრო მეტ მხარდაჭერას მიესალმებიან; 
  • გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ შიდა საფრთხეს პოლიტიკური კოლაფსი/კონფლიქტი წარმოადგენს;
  • რესპონდენტთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გარე საფრთხე რუსეთია.

მოცემული კვლევა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

კომენტარები