OC Media

ხელისუფლების მხრიდან მედიის საქმიანობაზე ზეწოლის მცდელობა დაუშვებელია – ქარტია პაპუაშვილს

ქართული ოცნება

"ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით". – წერია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საპასუხოდ გააკეთეს.

ქარტია განცხადებაში OC Media-ს დონორებთან შალვა პაპუაშვილის კომუნიკაციასაც ეხმაურება. 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც უარი მიიღო საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებაზე.

ქარტია შალვა პაპუაშვილის ქმედებებს აფასებს, როგორც ხელისუფლების მცდელობას, "პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას." 

"მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე". - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. 

გარდა ამისა, ქარტიამ ხელისუფლების დამოკიდებულება "მთის ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიმართ თავდასხმის კამპანიად შეაფასა.

"არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე "წყალში გადაგდებით". გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "არაკაცი" უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა". -  წერს განცხადებაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტიის თქმით, გელა მთივლიშვილი "მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა".

ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს თავისუფალი მედიის დევნა და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე". – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

კომენტარები