OC Media

OC MEDIA: პაპუაშვილმა სტატიის გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ, ჩვენს დონორებზე ზეწოლა სცადა

ქართული ოცნება

OC Media-ს ცნობით, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უარი უთხრეს საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებაზე, შალვა პაპუაშვილმა საჩივარი მედია პლატფორმის დონორებთან გაგზავნა. 

მათივე ინფორმაციით, მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც OC MEDIA-ს დამფინანსებელია, დაადასტურა, რომ პაპუაშვილის ოფისმა სტატიის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ მათ წერილობით მიმართა. წერილში ეწერა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს ეყრდნობა

"ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად უარს ამბობს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზე, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას", - OC Media-ს ინფორმაციით ნათქვამია წერილში.

OC Media-ს თქმით, თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარის ოფისისგან სტატიის მხოლოდ სათაური მიიღეს. მას შემდეგ, რაც აცნობეს, რომ სტატიის სრულად ნახვის გარეშე შეუძლებელი იყო მისი გამოქვეყნება, სპიკერის ოფისმა კვლავ მხოლოდ სათაური გაგზავნა — "საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ წიგნს". OC Media-ს სარედაქციო გუნდმა საბოლოოდ უარი თქვა სტატიის გამოქვეყნებაზე. მოგვიანებით კი პაპუაშვილმა ტექსტი პირად X-ის (ყოფილი Twitter) ანგარიშზე გამოაქვეყნა.

OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ აღნიშნა, რომ სიახლეების რეგულარული გაშუქებისას მათი რედაქცია ყოველთვის ცდილობს ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენას, მათ შორის საქართველოს მთავრობისაც. თუმცა, მისი აზრით, ამაში ხელის შემშლელია ხელისუფლების აშკარა მტრული დამოკიდებულება პრესის მიმართ. ფაბროს თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები იშვიათად პასუხობენ მათ კითხვებს - ელექტრონული წერილები და სატელეფონო ზარები ხშირად უპასუხოდ რჩება. 

"უკიდურესად ფრთხილად ვარჩევთ, რა გამოქვეყნდება ჩვენი მოსაზრებების განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით აზრთა მრავალფეროვნებას, ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ იმ მოსაზრებების გამოქვეყნებას, რომლებიც, გვჯერა, რომ არის ფაქტობრივად გადამოწმებული, არის იდეის გულწრფელი გამოხატულება და ჩვენი ძირითადი ღირებულებების შესაბამისი - ეს არის უფლება, როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალების." - ამბობს რობინ ფაბრო. 

OC Media-ს მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან საერთაშორისო აუდიტორიისგან განსხვავებულად იქცევა - ისინი ცდილობენ, რომ დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან თავი სხვაგვარად წარმოაჩინონ. ამის საფუძველზე, რედაქციას გაუჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია არ იქნებოდა გულწრფელი. შესაბამისად, OC Media-ს სარედაქციო ჯგუფისთვის პაპუაშვილის სტატიის გამოქვეყნება მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა.

OC Media-ს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მარიამ ნიკურაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის დონორებთან დაკავშირება აშკარა შეტევა იყო ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე. 

"ქართული ოცნების შეტევები პრესაზე უცვლელად გრძელდება. სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის გარემო, რომელშიც საქართველოში ვმუშაობთ, შეიძლებოდა ასე სწრაფად გაუარესებულიყო", – ამბობს ნიკურაძე.

ნიკურაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ისტორიის გასაჯაროების შემდეგ პაპუაშვილმა ანგარიშსწორება და OC Media-ს სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მან ასევე ახსენა მათი ოფისისა და თანამშრომლების შესაძლო თვალთვალის საშიშროება.

კომენტარები