ლელო

კუპრაძე: ვარკვევთ ვისთან წარმოვუდგენივართ საზოგადოებას, ოპოზიციასთან შეთანხმება არ გვაქვს

ლელო

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის საჭიროა შეიქმნას მესამე, ალტერნატიული ცენტრი. მისივე თქმით, ცენტრი უნდა გაკეთდეს ისეთი პოლიტიკური და არაპოლიტიკური სახეებით, რომლებსაც მძიმე წარსული არ აქვთ. ამის შესახებ კუპრაძემ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა.

"როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება? ეს უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ორპარტიული პოლარიზების მიღმა არსებული, გაძლიერებული მესამე ალტერნატიული ცენტრით, რეალური ალტერნატიული ცენტრით. როგორ უნდა გაკეთდეს? ეს უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკური სახეებით, მათ შორის არაპოლიტიკური სახეებით, პოლიტიკური სუბიექტებით, რომელთა მიმართაც არ არსებობს მძიმე პოლიტიკური შეკითხვები და წარსული. 

ყველა, მინუს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. აქ არის მნიშვნელოვანი დათქმები - შინაარსობრივი თანხვედრა და პროდასავლურობა უნდა გასდევდეს ლაითმოტივად  მთელ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი და ყველა მსგავსი ერთობა საზოგადოებასთან უნდა იყოს შეთანხმებული." - თქვა კუპრაძემ Palitranews-ის ეთერში.

მისივე თქმით, ლელო ქვეყნის მასშტაბით ატარებს ეროვნულ კვლევებს, რათა პარტიამ გაიგოს, თუ რა სურს საზოგადოედბას.

"არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ამ ეტაპისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ეროვნულ კვლევებს, რომელიც ჩვენ გვიპასუხებს, რა უნდა საზოგადოებას, როგორ და ვისთან ერთად წარმოუდგენია ლელო – დროასთან და გირჩთან ერთად წარმოუდგენია, მაგალითად, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან. რა არის საზოგადოების დაკვეთა, ყოველთვის ვეკითხებით საზოგადოებას. ამ კვლევებს ვატარებთ და ველოდებით შესაბამის პასუხებს და შემდეგ ეს იქნება აღსრულებული." - თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, კუპრაძის თქმით, ლელოს ოპოზიციასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა ამ კომუნიკაციას რაიმე ტიპის შეთანხმების წინაპირობები ჯერ არ აქვს.

კომენტარები