რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში ომის მსვლელობისას 9 614 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკრაინის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით ომის დაწყების დღიდან(24.02.2022) მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით უკრაინაში 9 614 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ომის მსვლელობისას კი დაშავდა 17 535 ადამიანი.

ამასთანავე გაერო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ანგარიში მხოლოდ დოკუმენტირებული შემთხვევებით არის შედგენილი და სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია.

18 სექტემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ შეტანილ საჩივარს განიხილავს. უკრაინა რუსეთს გენოციდის შეჩერების კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და პასუხისმგებელი პირების გასამართლებას ითხოვს.

უკრაინის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთი გენოციდში. კერძოდ, ისინი უკრაინიდან ბავშვების ძალადობრივ დეპორტაციაზე მიუთითებენ.  2023 წლის მარტში ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე ძებნაში გამოაცხადა.

უკრაინაში მომხდარი დანაშაულებების შემსწავლელი გაეროს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელის ერიკ მესეს თქმით "მას და მის კოლეგებს არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გენოციდის იურიდიულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს".

კომენტარები