ქურთისტანი

ერაყი ირანის საზღვრისპირა რეგიონებიდან ქურთი მებრძოლების იძულებით გადასახლებას იწყებს

ერაყელი ქურთები კირკუკში 
ISMAEL ADNAN/AFP via Getty Images

ერაყმა ირანის სასაზღვრო რეგიონებიდან ადგილობრივი ქურთი მებრძოლების სხვა რეგიონებში, ბანაკებში გადასახლება დაიწყო. ქურთების გადასახლების პროცესი ერაყსა და ირანს შორის დადებული უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილია. რელოკაციის პროცესის დაწყების შესახებ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ ერაყელი ქურთების განსახლების ძირითადი ტერიტორია კირკუკის, ერბილის და ნინევიის რეგიონებია, რომლებიც ირანის საზღვართან მდებარეობს. ერაყის მთავრობის გეგმის მიხედვით, ქურთი მებრძოლების, იგივე "ფეშმერგას" მებრძოლების იძულებითი გადასახლება დასავლეთ ერაყში, ლტოლვილთა ბანაკებში მოხდება. 

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის მალე თეირანს ეწვევა, სადაც პირისპირ ისაუბრებს მის კოლეგებთან ქურთების რელოკაციის გეგმის შესახებ. 

აგვისტოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ერაყულმა მხარემ დაიწყო ოპოზიციური ქურთული ძალების სრული განიარაღება და მათი ბაზების დახურვა. 

დაგეგმილი გადასახლების გამო, 3 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის პრემიერმინისტრმა მასრურ ბარზანიმ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი მისწერა, სადაც ის ქურთისტანის გაქრობის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 

"პირველად ჩემი პრემიერმინისტრობის მანძილზე, მაქვს შიში, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედი ეს უღირსი კამპანია გამოიწვევს ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის და ფედერალური ერაყის იდეის განადგურებას, რასაც ამერიკა გულშემატკივრობდა" - წერს ქურთისტანის რეგიონის პრემიერმინისტრი მასრურ ბარზანი ჯო ბაიდენს. 

კომენტარები