უნგრეთი

Telex: ორბანმა თქვა, რომ ხელისუფლებაში დარჩენას 2034 წლამდე გეგმავს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრული გამოცემა Telex-ის მიხედვით, ვიქტორ ორბანმა დახურულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში დარჩენას 2034 წლამდე გეგმავს. Telex-თან ამის შესახებ ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა ისაუბრეს. 

ღონისძიებაზე დამსწრეთა მიხედვით, თავის გამოსვლაში ორბანმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების პოპულარობა ხალხში შემცირდა, თუმცა, მისი თქმით, არა ისე, როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში მოხდა. მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირების მთავარ მიზეზად კი ეკონომიკური პრობლემები დაასახელა. 

აღნიშნულ დახურულ ღონისძიებაზე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა 15-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, შობადობის გაზრდას და რუსული საწვავის ფრანგულით ჩანაცვლებას.

უნგრეთის მმართველი პარტიის, Fidesz-ის ლიდერი, ვიქტორ ორბანი პრემიერმინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს. 

ორბანი ხშირად გამოირჩევა პოპულისტური, ჰომოფობიური და ევროსკეპტიკური განცხადებებით. 

 რუმინეთში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა ევროკავშირს "LGBTQ თავდასხმაში" დასდო ბრალი და თქვა, რომ მისი ეროვნული მთავრობა ქვეყნის ქრისტიანულ ფესვებს დაიცავს.

ამასთან ერთად, ორბანმა ევროკავშირი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვარდნისა და რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ომთან მიდგომების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს

"ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული - მშვიდობითა და კეთილდღეობით. თუკი მას [ევროკავშირს] ამ ორი საწყისი მისიის შესრულება არ შეუძლია, მაშინ რა მიზანს ემსახურება ევროკავშირი?" - აღნიშნა ორბანმა. 

უნგრეთის პრემიერის ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბრიუსელმა უნგრეთზე ფინანსური წნეხი გაზარდა. კორუფციისა და სამართალდარღვევების მაღალი მაჩვენებლის გამო ევროკავშირმა ქვეყანას $30 მლრდ ოდენობის დახმარება შეუჩერა.

ორბანი ღიად აკრიტიკებს რუსეთ-უკრაინის ომს და ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის ნაცვლად, დასავლეთი რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს.

ამისთვის, უნგერთმა არაერთხელ შეუშალა ხელი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას და ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ უკრაინამ საკუთარი ხარჯები უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს. 

კომენტარები