იგორ კოლომოისკი

უკრაინამ კოლომოისკის $80 მილიონის აქტივები 48 საათით გაყინა – მედია

უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი
REUTERS/Vladyslav Musiienko/File Photo

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების ფარგლებში უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის $80 მილიონის ღირებულების აქტივები გაყინეს.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) თქმით, მათ PrivatBank-ის ყოფილი მესაკუთრის 1 600-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, დაახლოებით 1 000 უძრავი ქონება და 3 მილიარდი უკრაინული გრივნა გაყინეს. ბიუროს არ დაუკონკრეტებია ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ქონება, თუმცა უკრაინული მედიის თქმით, საუბარი სწორედ კოლომოისკიზეა.

უკრაინელი ოლიგარქი და ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერი, იგორ კოლომოისკი 60 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის დასაწყისში გადაიყვანეს მანამ, სანამ სახელმწიფო მის წინააღმდეგ თაღლითობისა და კრიმინალური აქტივების ლეგალიზაციის ბრალდებებს იძიებს.

ოლიგარქის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიება დროში ემთხვევა კიევის მცდელობას, მიანიშნოს ომის დროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც სამომავლოდ ევროკავშირში გასაწევრიანებლადაა მნიშვნელოვანი.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაცია რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ძლიერი სახელმწიფოს აშენებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.


2021 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინელ ოლიგარქს და ყოფილ საჯარო მოხელეს, იგორ კოლომოისკის, მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც გავრცელდა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ, მართალია, მას სანქციები თანამდებობის დროს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის დაუწესეს, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოხატა კოლომოისკის ამჟამინდელ, მიმდინარე ძალისხმევაზე, ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს, რაც, ბლინკენის განცხადებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მომავალს.

კომენტარები