SPACEX-ის დახმარებით კოსმოსში პირველი სომხური წარმოების თანამგზავრი გაემგზავრება

Arka.am

ნოემბრის ბოლოს კოსმოსში პირველი სომხური წარმოების ხელოვნური თანამგზავრი გაფრინდება. 

კოსმოსური კვლევების სომხური ლაბორატორია Bazoomq CubeSat ტიპის ხელოვნურ თანამგზავრზე მუშაობს. თანამგზავრის სახელია Hayasat-1. 

Bazoomq-ის თანადამფუძნებლის აიკ მარტიროსიანის თქმით საცდელი გაშვება სექტემბრის ბოლოს იქნება, ხოლო ნოემბრის ბოლოს თანამგზავრი SpaceX-ის რაკეტა Falcon-9-ს კოსმოსში გაყვება.

"Hayasat-1-ის გაშვებას დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს. ფრენის შედეგად ჩვენ მივიღებთ საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელიც შემდგომში უფრო მაღალტექნოლოგიური თანამგზავრების გაშვებაში დაგვეხმარება. ჩვენ დავიწყეთ ყველაზე მარტივი მოდელით, ვინაიდან სომხეთი ამ სფეროში ახალია, ბევრი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც გამოცდილება და დრო სჭირდება". – ამბობს მარტიროსიანი.

თანამგზავრი, რომლის წონა 1 კილოგრამს შეადგენს დედამიწის გარშემო წრეს 90 წუთში შემოარტყამს. Bazoomq-ის თანამშრომლების თქმით პროექტი მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ თანამგზავრი 6 თვის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს. 

კომპანია Bazoomq მეგობრებმა 2020 წელს გახსნეს. დამფუძნებლების თქმით მათი მთავარი მიზანი სომხეთში კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებაა.

კომენტარები