საქართველო-ევროკავშირი

ბორელი: უნდა გამოიყენოთ დარჩენილი მოკლე დრო და გაატაროთ საკვანძო რეფორმები

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას თქვა, რომ საჭიროა საქართველომ დარჩენილ მოკლე დროში შეასრულოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

"ევროპული კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს სურს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. მაგრამ, ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რაც სახელმწიფოებს დაუმსახურებლად ერგებათ. საჭიროა მისი დამსახურება სერიოზული რეფორმებისა და ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობით. გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. საქართველოს შემთხვევაში, 12 პრიორიტეტი არის ის, რაც უნდა შესრულდეს [...] ჩემი ვიზიტის დროს მე შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ მიღწეულ პროგრესს და იმ სამუშაოს, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე დრო, რათა გაატაროს ის საკვანძო რეფორმები, რაც საჭიროა". – თქვა ბორელმა. 

საქართველოში ვიზიტამდე ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და გამოწვევებზე Civil.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ბორელი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება. წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

22 ივნისს, რეკომენდაციების შესრულების შუალედური ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. 

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები