აბორტი მექსიკაში

მექსიკის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მასშტაბით აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა

მექსიკის უზენაესმა სასამართლომ აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ახალი გადაწყვეტილების შედეგად აბორტი ლეგალური ქვეყნის 32-ვე შტატში გახდა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კოაჰუილას შტატში არსებული კანონის გასაჩივრების შემდეგ, 2-წლიანი განხილვის შედეგად მიიღო. სასამართლომ ორსულობის შეწყვეტისთვის სისხლის სამართლის სასჯელი არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი მექსიკის სხვადასხვა შტატების კანონმდებლობამ და ფედერალურმა ხელისფლებამ შეაფერხა.

სასამართლოს განმარტებით, ორსულობის შეწყვეტის უფლების წართმევა ქალთა უფლებების დარღვევაა.

"გაუპატიურების შემთხვევაში, არცერთი ქალი არ უნდა ვაიძულოთ გახდეს დედა – არც სახელმწიფომ, არც მშობლებმა და არც მეურვეებმა. კერძოდ ამ შემთხვევაში კი კონკრეტული ქალის უფლებების დარღვევა კიდევ უფრო მძიმე იყო, არამხოლოდ მისი მსხვერპლის სტატუსის გამო, არამედ მისი ასაკის გამოც, რაც აუცილებელს ხდის გავაანალიზოთ პრობლემა არასრულწლოვანის ინტერესების პერსპექტივიდან". - თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არტურო ზალდივარმა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს მეხიკო სითის შტატი გახდა პირველი, რომელმაც აბორტის დეკრიმინალიზაცია მიიღო. გადაწყვეტილებას მიბაძა რამდენიმე სხვა შტატმაც.

როგორც BBC აღნიშნავს, სავარაუდოა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღშფოთებას გამოიწვევს მექსიკელი პოლიტიკოსების კონსერვატიულ ფრთაში და კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ლათინურ ამერიკაში სიდიდით რიგით მეორეა. 

ამავდროულად, საგულისხმოა ისიც, რომ მექსიკაში კათოლიკური ეკლესიის გავლენა უკანასკნელ წლებში შემცირდა, ქვეყნის მთავრობა კი საკუთარი თავს მტკიცედ სეკულარულად მიიჩნევს.

კომენტარები