რუსული მოხალისეთა კორპუსი

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი ირწმუნება, რომ ბრიანსკის ოლქში ФСБ-ს ორი ოფიცერი მოკლეს

რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრები და მათი მეთაური, დენის კაპუსტინი.
armyinform.com.ua

უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსში (РДК) ამბობენ, რომ 4 სექტემბერს ბრიანსკის ოლქში ФСБ-ს ორი ოფიცერი მოკლეს.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით სევსკის სასაზღვრო რაიონში "უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი" რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. თუმცა, როგორც ბოგომაზი აღნიშნავს, თავდასხმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (ФСБ) სასაზღვრო სამსახურის წევრებმა მოიგერიეს.

"შეტაკების ადგილზე იპოვეს დივერსანტების მიერ მიტოვებული იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, უცხოური წარმოების". – წერს ბოგომაზი ტელეგრამ-არხზე და საბრძოლო მასალის ფოტოს აქვეყნებს.

4 სექტემბერს რუსული ტელეგრამ-არხი Baza წერდა, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსის შემადგენლობაში დაახლოებით 15-დან 30-მდე დივერსანტი იყო. ამავე ინფორმაციით, ისინი შეღწევას ბრიანსკის რეგიონში სოფელ პოდივოტის მახლობლად ცდილობდნენ. 

"დაახლოებით დილის ექვს საათზე მის [პოდივოტის] შემოგარენში სროლა 120 მილიმეტრიანი ნაღმებით დაიწყეს, რაც რვის ნახევრამდე არ შეწყვეტილა". – აღნიშნავს რუსული ტელეგრამ-არხი. 

გარდა ამისა, Baza-ს ინფორმაციით, სროლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა ФСБ-ის მესაზღვრე, 28 წლის სერჟანტი, ხოლო სამხედროებს შორის იყო რამდენიმე დაჭრილიც. 

ბრიანსკის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.

ბრიანსკის რეგიონში მომხდარ შეტაკებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის მხარეს მებრძოლმა დაჯგუფება რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) აიღო. მათი მტკიცებით, ФСБ-ს სასაზღვრო დეპარტამენტის მინიმუმ ორი თანამშრომელი მოკლეს. 

31 აგვისტოს ФСБ-მ და ბრიანკის ოლქის ხელისუფლებამ რეგიონში "უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის" მიერ შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადეს. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ მათ 2 "ბოევიკი" მოკლეს, ხოლო 5 - დააკავეს. 

რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლება, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან, მანამდე ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში რამდენიმე რეიდი მოაწყვეს. 31 აგვისტოს РДК-მ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში სამხედრო აეროდრომს თავს დრონებით დაესხა.

კომენტარები